18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სრულიად განადგურებული 38 სავაჭრო ობიექტი - ისანში მიყენებულ ზარალს ითვლიან

მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე 38 სავაჭრო ობიექტი მთლიანად განადგურებულია. ხანძარი ისანში გამთენიისას გაჩნდა. ორი საათის განმავლობაში ადგილზე 21 მანქანა და 100 მეხანძრე მუშაობდა.

დილით ბაზრობის ტერიტორიაზე მისული მოვაჭრეები პასუხისმგებლობას დირექციას აკისრებდნენ. მაღაზიის მფლობელები კომპანიის იურისტს დაუპირისპირდნენ და ვითარებაში გარკვევას მოსთხოვეს.

შეხვედრა დაზარალებულებსა და ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის დღის ბოლოს შედგა. დირექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რადგან თვლის, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

მაღაზიები დაზღვეული არ იყო იმის გამო, რომ კომპანიები მეორად ავტომობილების ნაწილებს არ აზღვევენ. ამიტომ, ვინ დაეხმარება დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებაში, უცნობია.

დაზარალებულები დახმარებას დედაქალაქის მერიასაც სთხოვენ. მოვაჭრეებს ისნის რაიონის გამგებელი ესაუბრა და დახმარებას მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში დაჰპირდა.

ამ დროისთვის ზარალის სრული ოდენობა დათვლილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაიწვა ბაზრობის 1200 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები