უკვე ერთი წელია, სახელმწიფოს ბალანზე არსებული შენობიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას უშედეგოდ ითხოვს.
ღია ცის ქვეშ დარჩენილები ნათესავებმა შეიფარეს, წერილებს გამგეობას წერენ, თუმცა ბინის ქირისთვის თანხის გამოყოფაზე უარს ეუბნებიან. დღეს ოჯახს, სადაც ერთ-ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, თბილისის მერობის კანდიდატი ესტუმრა.
ზაალ უდუმაშვილი მერიას აკრიტიკებს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ზალიკო უდუმაშვილმა ბარბაქაძეებისთვის დახმარების გაწევის მოთხოვნით ნაძალადევის გამგეობას მიმართა.
საცხოვრებლის პრობლემა აქვს ჯეჯეიების ოჯახსაც. მათ ყოველთვიურად მედიკამენტებისთვის 200 ლარზე მეტი სჭირდებათ, თუმცა ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.
ჯეჯეიებმა მერიისა და დევნილთა სამინისტროსგან ბინით უზრუნველყოფაზე რამდენჯერმე მიიღეს უარი.
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ასეთ ოჯახებს ეთმობა. მერობის კანდიდატი თვლის, რომ ამის რესურსის გამგეობებსა და მერიაშიც მოიპოვება.