დაკავებებით დასრულდა მასშტაბური საპროტესტო აქციები ბოსტონში. ქალაქში ერთდროულად ორი დემონსტრაცია გაიმართა. ბოსტონის პარკთან ულტრამემარჯვენე მომიტინგეები შეიკრიბნენ, რომლებმაც ქალაქში ე.წ. სიტყვის თავისუფლების მარში გამართეს. ისინი მედიას და პოლიტიკოსების ნაწილში ჩარლსტონვილში მომხდარი არეულობის მიზეზის არასწორ შეფასებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ყველა ადამიანს შეხედულებების განურჩევლად აზრის გამოხატვის უფლება უნდა მიეცეს.
ულტრამემარჯვენე აქტივისტები რასიზმის მოწინააღმდეგეებმა მოაქციეს ალყაში. შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით, აქტივისტების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის პოლიციამ ცოცხალი კორდონი შეკრა. სამართალდამცველების განცხადებით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რა დროსაც ძალოვანებმა 27 ადამიანი დააკავეს.