18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ისნის დამწვარი ბაზრობა - დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან 

ისნის ბაზრობაზე დამწვარ ტერიტორიას ისევ პოლიცია იცავს. მესამე დღეა მოვაჭრეების ნაწილს საკუთარ ნივთებთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ. დამწვარი მაღაზიების მეპატრონეებმა არც ის იციან მოხერხდა თუ არა მათი საქონლის ნაწილის გადარჩენა. მოვაჭრეები ამ დრომდე დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.

კომპენსაციას ავტომანქანის ნაწილებით მოვაჭრეები, ბაზრობის ადმინისტრაციისგან ითხოვენ. ხელმძღვანელობას სთავაზობენ, რომ ზარალის ანაზღაურების პარალელურად მათთვის შეღავათები დააწესონ და ყოველთვიური იჯარის თანხა, 40-მდე დამწვარი მაღაზიის მეპატრონეს დროებით გადაუვადონ. თუკი მოვაჭრეების მოთხოვნები რამდენიმე დღეში არ დაკმაყოფილდება და ადმინისტრაცია მათთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს, დაზარალებულები გაფიცვით იმუქრებიან.

ზარალის დათვლა ისნის ბაზრობის მეორადი ავტონაწილების ტერიტორიაზე ჯერ არ დასრულებულა. ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

"შ.პ.ს. ტრანს სერვისის" ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ მოვაჭრეებს დაეხმარებიან, თუმცა როგორ, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

დაზარალებულები დახმარებას თბილისის მერიასაც სთხოვენ, მოვაჭრეების ინფორმაციით ადგილზე ამ დრომდე მუნიციპალიტეტიდან არავინ გამოჩენილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები