უკვე 7 საათზე მეტია, ასობით მეხანძრე ძლიერ ხანძარს წაღვერის ტყეებში ებრძვის. ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰექტარზე მეტი, ტყის მასივი იწვის. ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება.
100-მდე მეხანძრე-მაშველი სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენთან ერთად სოფელ დაბასთან ხანძრის ლოკალიზაციას ცდილობდა. შვეულმფრენმა ამ დროისთვის უკვე შეწყვიტა მუშაობა, ხოლო მძიმე ტექნიკა სოფელი ყვიბისისკენ გადაჰყავთ, რომელიც მეორე შემოსასვლელია ხეობაში და სწორედ აქედან ეცდებიან გზის გაწმენდას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.
„ხანძართან ბრძოლას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი საათი დასჭირდება ჩახერგილი ბილიკის გაწმენდას, რომ სახანძრო-სამაშველოს მანქანები მეორე მხრიდან ადგილზე ისე მიუახლოვდნენ, რომ წყლის დასხმის საშუალება ჰქონდეთ,“ - აცხადებს თორნიკე გვაზავა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე კი განმარტავს, რომ ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი აფერხებს, რადგან ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
„ფეხით გადაადგილდებიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ცდილობენ, ალტერნატიული საშუალებებით მოახდინონ ხანძრის ქრობა,“ - აცხადებს სირაძე.
სირაძის თქმით, ამ ეტაპზე ერთზე მეტი ვერტმფრენის საჭიროება არ დგას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე აცხადებს, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ახლა მძიმე ტექნიკას გადავიყვანთ სოფელი ყვიბისისკენ, საიდანაც არის შემოსასვლელი მეორე მხრიდან ხეობაში. სადღაც ერთი 150 მეტრი არის ჩახერგილი, ის გაიწმინდება და უკვე სახანძროს მანქანები უშუალოდ ლოკაციაზე მივლენ, ზემოთა მხრიდან მოექცევიან,“ - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.
მაჭუტაძის თქმით, აქამდე ეს ალტერნატიული გზა იმიტომ ვერ გამოიყენეს, რომ ლაფეტი იყო გაფუჭებული. აღნიშნული ტრანსპორტი ერთ საათში იქნება ადგილზე და ამის შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები.
ადგილობრივების თქმით, ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. მათი თქმით, სახანძროს დროულად მოსვლის მიუხედავად, ხანძრის მთავარ კერასთან მიახლოება ძნელია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანძარი 2008 წელს სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.