ახალციხიდან სოფელ ყვიბისში მძიმე ტექნიკა მიემართება. ტექნიკა დაახლოებით საათნახევარში შევა სოფელში და ამის შემდეგ დაიწყებენ გზის გაწმენდას, რის შემდეგაც განახლდება ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ამ დროისთვის სოფელ დაბაში ცეცხლის ლოკალიზება 100-ზე მეტი მეხანძრის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა.
სოფელ ყვიბისში გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სამაშველო სამსახურის ტექნიკა შეძლებს ცეცხლის კერასთან მეორე მხრიდან მიახლოებას.
რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურების ტექნიკა სოფელ დაბაში გაჩენილი ხანძრის კერას ვერ მიუახლოვდა. ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა მუშაობა შეწყვიტა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხვალ დილის 06:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.
ხანძრის ჩაქრობას სოფელ დაბაში უკვე შვიდი საათია, რაც ცდილობენ.