აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, განკარგულებით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.
აღნიშნულ ცნობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ბორჯომის ტყეში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. უკვე 28 საათია, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. ტყის ერთ ფერდობზე, იქ, სადაც მეხანძრე მაშველებს ფეხით გადაადგილება რთული რელიეფის გამო უჭირთ, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. უკვე მეორე დღეა, ხანძრის ჩაქრობა ვერც ვერტმფრენის დახმარებით ხერხდება.
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი და გუბერნატორის თქმით, დღეს შესაძლოა, ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ გვიან ღამით ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხდება.