საქართველოს რკინიგზასთან პოლიციაა მობილიზებული. რკინიგზელები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. გაიზრდა მოშიმშილეთა რაოდენობაც.
რკინიგზელთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენას ითხოვენ.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე, რკინიგზის ადმინისტრაციას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს.
„რკინიგზამ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აიღო რკინიგზელებისგან 2013-2014 წელს. რაც შეჰპირდა რკინიგზელებს და რისი ვალდებულებაც აიღო. ეს არის ის დანამატები, რომელიც შეჰპირდა და ხელშეკრულება არის გაფორმებული. გასცეს დანამატი, წელთა დამსახურების დანამატი, ასევე საპრემიო სისტემა, ეს ყველაფერი შესასრულებელი აქვს რკინიგზას,“ - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.
საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი, მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილი, აცხადებს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუ ცაგურია მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს არ შეწყვეტს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, დაჩი ცაგურიას ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ შეუძლებელია, რომელიმე რკინიგზელს შიმშილობა აიძულოს. დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ პეტრიაშვილის პირადი მოტივები იკვეთება რკინიგზელებთან მიმართებაში.
ავტორი: ნინო გაზდელიანი