18 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ცეცხლის ლოკალიზებას 5 ვერტმფრენი ცდილობს

ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია, არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. კვლავ რჩება რამდენიმე კერა, თუმცა წუხელ ახალი კერები აღარ გაჩენილა. დილიდან სამუშაოებში ისევ ჩაერთო ავიაცია, რომელმაც ღამით შეწყვიტა მუშაობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე მუშაობს 5 ვერტმფრენი, ასევე ერთი შემოფრენა გააკეთა სამაშველო თვითმფრინავმაც, რომელიც საქართველოში თურქეთიდან გუშინ ჩამოვიდა. მუშაობას სულ მალე დაიწყებს ბელორუსიდან ჩამოსული ვერტმფრენები და სომხეთიდან გამოგზავნილი ეკიპაჟები.

“ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით, 5 ვერტმფრენი მუშაობს ისევ. ბელორუსების ვერტმფრენი უკვე კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და რა დროც დასჭირდება აქამდე ჩამოსვლას შემოგვიერთდება.  ასევე შემოგვიერთდებიან ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები, თავისი ტექნიკით. იმედიანად ვართ, რაც მთავარია კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს იმისთვის, რომ მთელი ეს რესურსი რაც ჩამოგითვალეთ ეფექტურად გამოვიყენოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ თვითმფრინავმა უკვე ერთი შემოფრენა გააკეთა. ის დაბრუნდა წყლის ასავსებად,"- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენიმე ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ზარალის ოდენობა და გაჩენის მიზეზი, რაზეც უკვე დაწყებულია გამოძიება.

„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე როგორც ჯერ ვერ გეტყვით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, სრული ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ამ დეტალებზე საუბარი. მე როგორც პოლიციელი, არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-აცხადებს შს მინისტრი.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად არსებულ ხანძრის კერებზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. ზურაბ ალავიძე ამბობს, რომ პრობლემური პერიოდი სავარაუდოდ შუადღისთვის იქნება.

„კერები ბევრია, ხანძარი მთლიანად არ ჩამქრალა, პრობლემატური პერიოდი გვექნება შუადღეს თუ ორი დღის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, რომ ქარი იცის ამ პერიოდში და ქარმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი, თუმცა დღეს გაცილებით უკეთ მობილიზებული ვართ, გამოცდილებაც მეტი გვაქვს როგორ მივხედოთ პროცესებს, ამიტომ დავაკვირდეთ მოვლენებს,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

დღის ამბები