საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ძალიან დიდია. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კვირიკაშვილმა შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რთული ვითარებაა ამ დროისთვის წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. სწორედ ამ კერაზე ხდება კვირიკაშვილის განმარტებით ავიაციის მობილიზება.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებიან.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არ დასრულდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი და თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს. როგორც ცოცხალ ძალას ასევე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ სტიქიას დავამარცხებთ.
"შტაბი აგრძელებს 24-საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ და სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს მუშაობს,"-აცხადებს კვირიკაშვილი.
პრემიერის განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირებისთანავე დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ბორჯომის უნიკალური ტყე-პარკის აღდგენა. კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზნით შესაძლოა შეიქმნას სპეციალური ფონდიც.
„ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ რა თქმა უდა დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ. როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შესაძლოა შევქმნათ ფონდიც, სადაც ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული ამაში, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ხანძრამდე იყო,“-აცხადებს პრემიერი.