18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 1500-მდე ადამიანი მუშაობს

დღეს მაშველები ბორჯომის ხეობაში ხანძრის ორ მთავარ კერას ებრძოდნენ, თუმცა ცეცხლი ისევ მძვინვარებს. ავიაცია და ცოცხალი ძალა ხანძრის ჩაქრობას არდაგანის სასაფლაოსთან და სოფელ წაღვერის ფერდობზე ცდილობდა.

ხეობაში, სადაც ცეცხლმა უკვე 100 ჰექტარამდე ტყე გაანადგურა, შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო დავალებათა რაზმის დამატებითი ნაწილები შეიყვანეს. იყო მოლოდინი, რომ ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხდებოდა, თუმცა ძლიერმა ქარმა ხანძრის ჩაქრობას ხელი შეუშალა.

ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1500-მდე ადამიანი მუშაობს. მეხანძრეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, ხანძარს ებრძვიან მეტყევეებიც. ძლიერი ქარისა და დაკვამლიანების გამო, წარმოქმნილ პანიკასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მთების მართვის დეპარტამენტმა. უწყების განმარტებით, საკურორტო ზონებში მყოფ დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად მზადაა ჯარი. პირველი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფი ამ დრომდე ატენის ხეობაში რჩება, თუმცა უწყების განმარტებით, საგანგებო შტაბის მოთხოვნის შემთხვევაში, სპეცტექნიკით აღჭურვილი ჯარისკაცების გადასროლა ნებისმიერი მიმართულებით მოხდება.

ხანძრის ლოკალიზებისთვის წაღვერისა და დაბის ტყეებში მთელი ღამის განმავლობაში ასობით მეხანძრე-მაშველი რჩება. 

დღის ამბები