ბორჯომში სპეციალური შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამ წუთებში მიმდინარეობს სხდომა, სადაც საუბარი არის უახლოესი დღეების სტრატეგიაზე.
მინისტრებს უჭირთ საუბარი ამ ეტაპზე იმაზე, თუ რა ფართობი არის განადგურებული, რამდენი არის ზარალი და ასევე, რა რაოდენობის ცხოველი ვერ გადაურჩა ხანძარს და არის თუ არა მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები.
“აქ არ არის ვარაუდი იმაზე, რომ მსხვილი ძუძუმწოვრები იქნებოდნენ იმიტომ, რომ მსხვილ ძუძუმწოვრების უკვე, მაგალითად, დათვებს, ახლოს დასახლებული პუნქტია და თან გადამწვარი ტერიტორია იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ ჰქონოდათ საცხოვრისი. შესაბამისად, რომც ყოფილიყვნენ, ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ აქედან ისევე, როგორც ირმები. შეიძლება, ვივარაუდოთ შველის არსებობაზე, მაგრამ არა იმდენად მაღალ რისკებზე, რომ სახეობის განადგურებას შეექმნას რისკები. რა თქმა უნდა, მობუდარი ფრინველების ბუდეები განადგურდებოდა. რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და, დიდი ალბათობით, მათი დიდი ნაწილი განადგურდა,“ - განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის, თქმით კი, ამ დროისთვის ცეცხლის მხოლოდ სამი კერა არსებობს.
“სამი ძლიერი კერა არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ თორე, შედარება არ არის იმასთან, გუშინ, გუშინ წინ და იმის წინ რაც გვქონდა. ერთს ვადევნებთ თვალყურს, ორი არის დაბლა მიმართულებით ბორჯომისკენ. აქ, ძირითადად, ბალახი იწვის და ქვემოთ თუ წამოვიდა ხანძარი, იქ უკვე ტექნიკა ხვდება სახანძრო მანქანებით და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მოსახლეობას,“ - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.