ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი მურატ ჯიოევი რადიო „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ე.წ. საზღვართან თხრილების გავლების მიზეზებსა და აუცილებლობაზე საუბრობს.
ჯიოევი ამბობს, რომ თხრილების გავლების აუცილებლობა იმის გამო დადგა, რომ ქართულ მხარეს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლი ცხინვალის მხარეს არ გადავიდეს.
ინტერვიუ „ეხო კავკაზას“ ჯიოევმა 3 აგვისტოს მისცა.
„ეს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი სამხრეთ ოსეთის მხარეს საზღვრის გასწვრივ იმ მიზნით კეთდება, რომ ბალახის აალების შემთხვევაში, ცეცხლი მეორე მხარეს არ გადავიდეს. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართულ მხარეს ბალახს ცეცხლს უკიდებდნენ და ალი ჩვენს მხარეს გადმოდიოდა. ამ პროცესს ქართველი პოლიციელები თვალს ადევნებდნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, რადგან საზღვარზე ვერ გადმოდიოდნენ. სწორედ ბალახის აალებისა და ხანძრების აღკვეთის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჩვენ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილებს ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს საინჟინრო სამუშაოები - სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრის ერთ-ერთი ვარიანტია და ეს მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მხარეს კეთდება,“-აცხადებს ჯიოევი.
შეგახსენებთ, რომ "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ ჯიოევის ამ განცხადების გამო პროკურატურას მიმართა. დავითაიას თქმით, საქართველოში გაჩენილი ხანძრები შესაძლოა დივერსია იყოს და გარკვეულწილად ის სეპარატისტულ ხელისუფლებას უკავშირდებოდეს.