სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე საათის წინ ხანძარი ისევ გააქტიურდა. წაღვერის მიმართულებით, არჯევანიძეების ტყის მახლობლად, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. იყო საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება.
ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ავიაცია. ხანძარს უწყვეტ რეჟიმში მაშველები, მეტყევეები, ჯარისკაცები, მძიმე ტექნიკა და ავიაცია, მეგობარი ქვეყნების დახმარებით, ერთობლივი ძალებით ებრძვიან, თუმცა უკვე ექვსი დღეა, მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია ისევ ვერ ხერხდება.
ცოტა ხნის წინ ხანძრის კერებთან შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, იმყოფებოდა. მისი თქმით, იქ, სადაც ხანძარია, გზები გაყვანილია და მეხანძრეები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.
“12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ფეხითაც კი შეუძლებელი იყო გავლა, დღეს იქ ტექნიკა მუშაობს და სახანძრო მანქანებს აქვს საშუალება გადაადგილების და ცეცხლის კერებამდე მიახლოების. ვერსიებზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ, დავაცადოთ. გამოძიება მიმდინარეობს. ისევე, როგორც ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს და დაველოდოთ. ჩვენთვის ყურადსაღებია ყველა ის გარემოება, რომელზეც შეიძლება, გამახვილებული იქნას ჩვენი ყურადღება,“ - განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის, თქმით, ლოკალიზებულ ადგილებში დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.
“ხანძრის კერები უმეტეს ნაწილში ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით, ყველა მიმართულებით. იქ, სადაც ლოკალიზებულია კერები, დაიწყო სალიკვიდაციო სამუშაოები. მუშაობა იქნება 24 საათის განმავლობაში,“ - აღნიშნა ალავიძემ.