„როდესაც მესამედ ტარდება კონკურსი, ეს ნიშნავს, რომ პროცესში არის ხარვეზები,“ - ასე აფასებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ შეფასების პროცესს უთმობს.
„ზოგადად, როდესაც მესამედ ტარდება კონკურსი, ეს ნიშნავს, რომ პროცესში არის ხარვეზები. განსაკუთრებით მე მინდა, შეფასების პროცესზე გავამახვილო ყურადღება, სადაც შესაძლებლობა იმისა, რომ იქნას სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, არსებობს და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები," - ამბობს ნანუაშვილი.
ამასთან, ის მზადაა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პირველი ეტაპის მსგავსად, სტრასბურგის სასამართლოსთან ახლაც ითანამშრომლოს.
„რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული კითხვის ნიშნები სტრასბურგში, მათ შორის. სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეცდება, ეს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ის, რომ საქართველოდან იყოს კვალიფიციური კანდიდატი წარდგენილი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.