ღვთისმშობლის კვართის სადაო საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სიწმინდე 1923 წლამდე ხობის მონასტერში ინახებოდა, საიდანაც ათეისტური იდეოლოგიის პირობებში მუზეუმში გადაიტანეს.
„დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება ხოლმე სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურგია და მორწმუნე ადამიანებს მასთან მიახლოების საშუალება ეძლევათ,"-აღნიშნავს საპატრიარქო.
საპატრიარქო განმარტავს, რომ მარიამის კვართთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სწავლობს სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები. დასკვნა კი სინოდს წარედგინება.