ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი მი-8 ისევ წყალში რჩება. როდის მოხერხდება სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენის ამოყვანა მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი წყალსაცავიდან, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის მუშაობენ მაშველები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ადგილს გარედან ჯებირებს უკეთებენ, რათა დაბინძურებული წყალი მდინარეს არ შეუერთდეს.
ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანა დღეს, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის ავსების დროს მწყობრიდან გამოვიდა და მფრინავებს ავარიული დაშვება დასჭირდათ. შედეგად ვერტმფრენი წყალში ამოტრიალდა.