რუსეთისთვის მიმართვა, ეს არის დივერსიული ქმედება - ამ განცხადებას "რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის” მოსკოვის განყოფილების თავმჯდომარე ლოლიტა ცარია აკეთებს.
ცარია ქართული მხარის მიერ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის ფაქტს, „რუსთავი 2“-თან საუბრისას ეხმაურება.
ლოლიტა ცარია ამბობს, რომ მისთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარია.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარების თხოვნას მოსკოვში, რუსეთის მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
„როდესაც რუსული მედიით შევიტყვე ეს ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა და დავიწყე საწინააღმდეგო ინფორმაციის მოძიება. ქართულმა მედია საშუალებებმა მართლაც დაიწყეს ამის უარყოფა, თუმცა შემდეგ ვნახე განხილვები ფორუმებზე, სადაც რუსები წერდნენ, რატომ უნდა დავეხმაროთ ქართველებსო. იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს აღარ გავიმეორებ. შემდეგ გაირკვა, რომ დახმარება ნამდვილად სთხოვეს და ეს აბაშიძემაც დაადასტურა. ეს ნამდვილად კოშმარია. ეს არის გულგრილობა. არ არის ნორმალური, როდესაც სახელმწიფო ასეთ სიტუაციებისთვის არ ზრუნავს და რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა მიემართათ მეგობრებისთვის, რამდენადაც ვიცი შეერთებული შტატები მზად იყო დასახმარებლად. მაგრამ რუსეთისთვის მიმართვა, ეს არის დივერსიული ქმედება,“-აცხადებს ლოლიტა ცარია.