18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ხანძრიდან მეცხრე დღე - ხანძრის რამდენიმე ახალი კერა და ექსპერტიზისთვის თბილისში გადატანილი სასაზღვრო შვეულმფრენი

ბორჯომის ხეობაში, ხელოვნურად შექმნილ აუზში ჩავარდნილი, საქართველოს კუთვნილი შვეულმფრენი ექსპერტიზისთვის თბილისში სპეცტექნიკით გადმოიტანეს. მი-8-ს წყლიდან ამოღების სამუშაოებს თითქმის ორი დღე დაჭირდა.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი ან რამდენით იზარალა სახელმწიფომ ვერტმფრენის ჩამოვარდნით, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის უკვე გამოიკითხნენ ეკიპაჟის წევრებიც. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით გრძელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, შვეულმფრენი მწყობრიდან გამოვიდა და მფრინავებს წყალზე ავარიულად დაშვება მოუხდათ. თუმცა, ვერტმფრენი ამ ინციდენტამდე ორი დღით ადრე შემოწმებული იყო და მას პრობლემები არ ჰქონია.

ცეცხლის კერები ბორჯომის ხეობაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაღვივდა, რის გამოც, მეხანძრეების მობილიზება გახდა საჭირო.

ბორჯომის ხეობაში ამჟამად მხოლოდ ქართველი მეხანძრე-მაშველები და სამხედროები რჩებიან. დილიდან საქართველო უკვე დატოვეს სომხეთის და აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები