ახალციხის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა. პროცესში ცოცხალ ძალასთან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია ღამით მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეწყვეტილი იყო. ტერიტორია, სადაც ხანძარია კლდოვანი და რთულად მისადგომია.
სოფელი სვირი ბოლო ადგილია, სადაც მანქანით მისვლაა შესაძლებელია. ხანძრის კერები სოფლიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია, თუმცა მანქანით მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ტერიტორიაზე სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ ხდება.
მეხანძრე მაშველები მედიას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიის დატოვებას ურჩევენ.
სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარი გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცეცხლი არც ისე დიდ ფართობს უკიდია, თუმცა მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.