ახალციხეში, სოფელ სვირში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა კვლავაც ვერ ხერხდება. სახანძრო ოპერაციაში უკვე ჩაერთო ერთი სამაშველო ვერტმფრენი.
უშუალოდ ხმელეთზე კი ცეცხლის ლოკალიზებას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილასაა, რაც სახანძრო სამუშაოებს ართულებს.
ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.
„ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის და პრაქტიკულად ჩვენ გვიჭირავს ცეცხლი და უახლოეს ხანში მოხდება მისი ლოკალიზება. აქ მუშაობს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170 თანამშრომელი, ასევე სატყეოს თანამშრომლები მუშაობენ. ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა საჭირო ამ ეტაპზე არ არის და მათ ჩართვასაც შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება პრეზიდენტის, მე ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე არ მივა,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.