მარჯანიშვილის ქუჩის 32 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედლები ინგრევა, ჭერიდან კი სამშენებლო მასალა ცვივა. რამდენიმე დღის წინ საყრდენი კედელის ნაწილიც ჩამოინგრა, რის გამოც, შენობაში ცხოვრება ნადია ზარგინავასთვის კიდევ უფრო საშიში გახდა.
კედლებს შორის გაჩენილი ნაპრალი იმდენად დიდია, რომ სახლში მყოფ მოხუცს, ნადია ზარგინავას, ეზოში გამვლელების დანახვაც შეუძლია.
იმის გამო, რომ შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება საშიშია, მოხუცი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. 85 წლის ნადია ზარგინავა თითქმის ერთი თვეა, გამგეობის დახმარების მოლოდინშია. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მას ალტერნატიული ფართი შესთავაზეს, თუმცა, ნადია ზარგინავამ ბინა ვერ დატოვა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ავარიული შენობის გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე არ იწყება, ბიუროკრატიული პროცედურაა. მოხუცმა და მისმა მეზობლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უნდა შექმნან და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართონ გამგეობას.
მარჯანიშვილის ქუჩის 32 ნომერში მცხოვრები მოხუცის პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს, რომელიც პირობას დებს, რომ ჩამონგრეული კედლის გამაგრებითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.