საქართველო უკრაინულ დახმარებას ელოდება. რამდენიმე საათში ბათუმში სახანძრო თვითმფრინავი ჩაფრინდება. "ან 32-პე" ტიპის თვითმფრინავი 8 ტონამდე წყალს იტევს, ის აბასთუმანში ცეცხლის სალიკვიდაციო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აბასთუმნის ტყეში მიდმინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საქართველოს თურქეთიც დაეხმარება. საქართველოში თურქეთის ელჩის ინფორმაციით, კონტაქტი საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის გუშინ შედგა. ამ დროისთვის კი საქართველოსკენ ორი ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი მოემართება.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებული არ არის, თუმცა აბასთუმნის ტყეში ქარი ჩადგა და შესაძლოა ხანძრის ლიკვიდაცია დღის ბოლომდე მოხერხდეს.
აბასთუმნის ტყეში ინტენსიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, მათი ოდენობა დილიდან გაიზარდა. ცეცხლის კერამდე მისაღწევად სპეცტექნიკა გზას მთელი ღამის განმავლობაში ჭრიდა. ამ დროისთვის გაჭრილია დაახლოებით 5 კილომეტრამდე გზა.
სამუშაოებს კომპანია „ბლექსი გრუპი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი დღეს საგანგებო შტაბში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მან შტაბის წევრებს ინფორმაცია გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მიაწოდა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთის მიტროპოლიტი და რამდენიმე სასულიერო პირი. ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ და არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღეს.