დემირელის კოლეჯს სასკოლო მერხების მფლობელობისა და სტადიონის გამო, ავტორიზაცია შეუჩერეს.
მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არა გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არამედ თურქეთის მოთხოვნებია. ისინი რამდენიმე თვის წინ, თურქეთის მოთხოვნით, ტერორიზმის ბრალდებით კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმეს ასახელებენ.
დემირელის სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, სკოლა სტანდარტებს შეესაბამებოდა. ის ადასტურებს, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა, თუმცა, დირექტორის თქმით, სკოლას მათი გამოსწორების საშუალება არ მისცეს.
კოლეჯის მოსწავლეები და პედაგოგები აცხადებენ, რომ სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ალტერნატიული სკოლის მოძებნა გაუჭირდებათ.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კოლეჯში გარკვეული დარღვევები არსებობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსწავლეებისა და პედაგოგების სხვა სკოლებში გადანაწილებას ხელს შეუწყობენ.
ავტორიზაციის გარეშე დარჩენილ კოლეჯში 350 მოსწავლე სწავლობს და მათთვის ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას. კოლეჯის ადმინისტრაცია ავტორიზაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. დემირელის სახელობის ეს უკვე მე-3 სკოლაა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დაიხურა.