ავტორიზაცია შეჩერებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა მშობლებისთვის ამ დრომდე უცნობია, სად გააგრძელებენ მათი შვილები სწავლას. ისინი დღეს შეეცდებიან, გაარკვიონ რატომ არ მიეცა სასწავლებელს საშუალება გამოესწორებინა არსებული ხარვეზები.
მშობლები დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ სანიკიძეს, შეხვდებიან და მისგან ელოდებიან პასუხებს.
მშობლები არც აქციების გამართვას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ კოლეჯის დახურვასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არც გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ.
„ვფიქრობთ, რომ ისევე, როგორც შაინის სკოლის გაუქმებას, დემირელის სკოლის გაუქმებასაც აქვს პოლიტიკური მოტივები და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია,“ - განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის წარმომადგენელმა, გვანცა ლომიამ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ის მშობელთა ყველა კითხვას უპასუხებს. სანიკიძე პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.