"ლეიბორისტული" პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. ის ამტკიცებს, რომ მას მუხრან ვახტანგაძე დაუკავშირდა და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გამო, დაემუქრა.
არსებობს დაპირისპირების ამსახველი აუდიოჩანაწერი. ჩანაწერში, რომელიც ჯელალ ქიქავამ რუსთავი2-ს მიაწოდა, ისმის მუქარა.
ჯელალ ქიქავას თქმით, ვახტანგაძე მას ემუქრებოდა და სთხოვდა შეხვედრას.
ბათუმის მერობის კანდიდატი უკვე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.
ქიქავა დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
„12 საათისთვის შემეხმიანა და განმიცხადა, რომ ის არის მუხრან ვახტანგაძე, უნდა ჩემთან შეხვედრა და რაღაც ქურდული გარჩევის საკითხებია. მან განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და რადგან საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი არ არის, ესე იგი იმას ქურდული მენტალიტეტი აქვს და ქურდულად უნდა ჩემთან საქმის გარჩევა. მე ვარ ბათუმის მერობის კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ის არის მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონია, მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, მე ერთადერთი რაც შემიძლია, მაქვს გაფორმებული თოფი, გამოვიღო და ორივე მოვწყვიტო ორივე ფეხი,“-აცხადებს ქიქავა.
ბრალდებებს უარყოფს დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. მისი თქმით, სატელეფონო ზარი, რომელიც მისგან ქიქავასთან განხორციელდა მუქარის შემცველი არ ყოფილა. ვახტანგაძე „ლეიბორისტული“ პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„მუქარა არ ყოფილა, ვუთხარი შევხვდეთ ერთმანეთს, ბათუმელები ვართ ორივე, აქ პოლიტიკა გამოვრიცხოთ და თუ რამე დანაშაული მიმიძღვის არ გავრბივარ აქვ ვარ-თქო. შეურაცხყოფას რატომ მაყენებ ცილს რატომ მწამებთქო. შევხვდეთ როგორც მეგობრები, როგორც ბათუმელები ისე, ეს იყო მეტი არაფერი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ვახტანგაძე.