18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
რატომ ტოვებს პოსტს საპენსიო სააგენტოს დირექტორი - ოპოზიცია პრემიერთან შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი გადადგომის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. ლევან სურგულაძემ დღეს საპენსიო რეფორმის მიღწევებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, არ განუმარტავს.

ლევან სურგულაძის გადაწყვეტილებას გიორგი გახარია გამოეხმაურა. პრემიერის აზრით, სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, რაც მისი შეუფერხებელი საქმიანობის გარანტია. გიორგი გახარიამ დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის განვლილი საქმიანობა რეფორმის პირველ ეტაპზე დადებითად შეაფასა.

პრემიერთან შესაძლო დაპირისპირებას ხედავენ ოპონენტები სურგულაძის გადადგომის უკან. საპენსიო ფონდის დირექტორის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ოპოზიცია საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სისტემურ გარდაქმნას მოითხოვს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ერთწლიანი მუშაობა დამაკმაყოფილებელია ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისთვისაც. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მინისტრები დღეს იმედს გამოთქვამდნენ, რომ საპენსიო რეფორმა მომავალშიც პოზიტიური შედეგებით გაგრძელდება.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ლევან სურგულაძე 2018 წლის 18 სექტემბერს სამეთვალყურეო საბჭომ 5 წლის ვადით დაამტკიცა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება 2020 წლის 16 იანვრამდე უნდა დააკმაყოფილოს.

ვინ დაიკავებს ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო უწყების ხელმძღვანელის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

დღის ამბები