"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდის წარმოდგენილი წინადადება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი არაა. ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, ამასთან გაღრმავდება მმართველი გუნდის საერთაშორისო იზოლაცია:
"რაღაცა მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ნელნელა ხვდებიან, როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არაა, მათ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯი და უკან წაიღონ შეურაცხყოფა რაც ხალხს მიაყენეს. თუ ვერ მიხვდებიან ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100-ის პროპორციულზე და 50-ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს. ოპოზიციის თქმით, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ძალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მმართველი გუნდის შემოთავაზებული წინადადება კი ვაჭრობა და მხოლოდ რამდენიმე მანდატის დათმობაა.