18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
საქართველოს პარტნიორები საოკუპაციო რეჟიმისგან ქართველი ექიმის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვენ

საქართველოს პარტნიორები საოკუპაციო რეჟიმისგან კატეგორიულად მოითხოვენ ქართველი ექიმის გათავისუფლებას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას უკანონოს და პროვოკაციულს უწოდებს. 

ევროკავშირი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა სპეციალურ განცხადება გამოაქვეყნა:

"განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახში დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას იმ დაუყონებლივი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად,"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილი განაჩენის ლეგიტიმურობას და მოუწოდებს დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს გერმანიის საგარეო უწყებაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს:

"შემაშფოთებელია ექიმი გაფრინდაშვილისთვის თითქმის 2 წელი პატიმრობის მისჯა ჩვენ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები და გავაგრძელებთ გადაადგილების თავისუფლებისთვის შექმნილი ბარიერების დაგმობას,"- წერს გერმანელი დიპლომატი.

ექიმის განთავისუფლება ტვიტერ გერდებზე მოითხოვეს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა დღეს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმაც. დავით ასათიანი აცხადებს, რომ ქართველი ადვოკატები ოჯახთან ერთად აპირებენ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიური მუშაობა დაიწყონ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა. გაფრინდაშვილის ოჯახი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ოჯახმა გიორგი გახარიასგან პირობა მიიღო, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

დღის ამბები