მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადაწყობა დღეიდან მოუწია. სასურსათო მარკეტებსა თუ აფთიაქებში შესვლასთან დაკავშირებული დისკომფორტის მიუხედავად, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მიესალმება. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ქვეყანა "კოვიდ-19"-ისგან შექმნილ გამოწვევებს უფრო ეფექტურად უპასუხებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სასურსათო მაღაზიებს ევროპული გამოცდილების გაზიარება ურჩია პრემიერ-მინისტრმა. გახარიას განმარტებით, სოციალური დისტანცირების სტანდარტის დაცვა, ბიზნესისა და მოქალაქეების თანაბარი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.
"მოგიწოდებთ მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა" - ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა, რომ სურსათთან დაკავშირებით მოსახლეობის ღელვა უსაფუძვლოა. მინისტრის თქმით, აკრძალვები საერთაშორისო ტვირთბრუნვას არ შეხებია, რაც საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტს გამორიცხავს. მარაგების საკმარის რაოდენობაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ქვეყანაში კომენდანტის საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება. შესაბამისად არ იზღუდება ქუჩაში მოქალაქეების, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო გადაადგილება. პრემიერმა დღეს განმარტა, რომ ლოიალური გადაწყვეტილება სატრანსპორტო კომპანიებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრად დაცვას ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გახარია წესების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.
ხელისუფლების გადაწყვეტილების შესრულების საჭიროებაზე დღეს მუნიციპალური ტრანსპორტისა და ტაქსების მგზავრები და მძღოლებიც საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ერთი თვეა ქალაქი ნახევრად ცარიელია, ფიზიკური დისტანცირებისა და ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის 10 პირამდე დაყვანის აუცილებლობაზე დღეს ყველა თანხმდება.
გამკაცრებული წესების მიუხედავად, მუშაობა შეუფერხებლად გრძელდება ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე. შეზღუდვები არ ეხება მედიას. საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 21 აპრილამდე გაგრძელდება.