17 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - სად შექმნა პრობლემები დიდთოვლობამ და როგორ ებრძვის ქვეყანა უხვ ნალექს

დიდთოვლობა, ქარბუქი და დაბალი ხილვადობა - გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარი თითქმის ნახევარ მეტრს აღწევს.

დაწესდა სპეციალური შეზღუდვებიც. ლიპყინულის გამო გადაადგილება ეკრძალებათ, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლებს. გზის გაწმენდით სამუშაოებზე სპეციალური ტექნიკა 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავში. მთელი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. მოძრაობა უჭირდათ მსუბუქ ავტომობილებსაც.

ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე, სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. უკვე 24 საათზე მეტია უამინდობის გამო სატვირთო მანქანები გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს მიაღწია. ნალექმა პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. გართულებულია გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზეც.

თოვლი მოვიდა დედაქალაქშიც. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, თბილისსა და მის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოებიც. დედაქალქის მასშტაბით 200 ტონამდე ტექნიკური მარილია დაყრილი.

უამინდობა საქართველოში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

დღის ამბები