14 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
კონტრაქტი იარაღის, მათ შორის ამ ჰაერსაწინააღმდეგო "ბუკის" შეძენაზე, გაფორმდა 2007 წელს და ეს შეიარაღება ომამდე 1 წლით ადრე გადმოეცა საქართველოს თანხის სანაცვლოდ - ბექა დავითულიანი

უკრაინის წარმომადგენლის, კასიანოვის განცხადებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველომ იარაღის კონტრაქტი, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო "ბუკის" შეძენასთან დაკავშირებით 2007 წელს გააფორმა. როგორც დავითულიანი განმარტავს, კონტრაქტის მიხედვით, შეიარაღება საქართველოს ომამდე 1 წლით ადრე, თანხის სანაცვლოდ გადაეცა. 

"კონტრაქტი იარაღის, მათ შორის ამ ჰაერსაწინააღმდეგო "ბუკის" შეძენაზე გაფორმებული იქნა 2007 წელს და ეს შეიარაღება ომამდე 1 წლით ადრე გადაეცა საქართველოს თანხის სანაცვლოდ. როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო. ურთიერთობას როცა მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები, რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი - ამას ჰქვია დაწერება და ბოდიში მომითხოვია, არავინ არაფერ არ დაიწერს. ვიღაცებს უნდათ, რომ საქართველო ომის პროცესში დაფიქსირდეს აქტიურ მხარედ, რაც გაზრდის რისკებს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეს, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თუ აშშ-ს შეეძლო ახალი აღჭურვილობა სხვა ქვეყნისთვის გადაეცა, ლოგიკური იქნებოდა, ეს ომში მყოფი ქვეყნისთის მიეწოდებინა. იოინათამიშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები.

"ლოგიკა გაურკვეველი და გაუგებარია, ცხადია, ვინაიდან თუ ამერიკას შეეძლო სხვა ქვეყნისთვის გადაეცა ახალი აღჭურვილობა, მაშინ ამ მხრივ ყველაზე ლოგიკურია, რომ გადაეცა იმ ქვეყნისთვის, რომელიც უსამართლო ომში იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის მხრიდან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთ კითხვის ნიშანს აჩენს ამ ყველაფერში, რაზეც ჩვენი საზოგადოება ცხადია გაამახვილებს ყურადღებას," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კიევი თბილისს "ბუკის" საჰაერო თავდაცვის კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემული ჯაველინის უკრაინაში გაგზავნას. კასიანოვმა თქვა, რომ ჯაველინის სისტემასთან დაკავშირებით, იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი. რა პოზიცია აქვს ამერიკულ მხარეს კასიანოვის ინფორმაციაზე და დაადასტურებს თუ არა ვერსიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

დღის ამბები