19 სექტემბერი 2024,   19:19
ვრცლად
მყინვარის ინტენსიურ დნობა, ნალექები წვიმის სახით, სათავეებში კლდე-ზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფი -  სპეციალისტების შეფასებით, ამ ერთობლივი მოვლენების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მსგავსი ღვარცოფული მოვლენა სპეციალისტებს არ ახსენდებათ. გეოლოგები, ჰიდროლოგები, გეომორფოლოგები და გლაციოლოგები სტიქიური უბედურების მთავარ მიზეზად კლიმატურ ცვლილებას ასახელებენ და თანხმდებიან, რომ საკურორტო ზონაში ტრაგედია 5 ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. 

მყინვარის ინტენსიურ დნობა, ნალექები წვიმის სახით, სათავეებში კლდე-ზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა - გარემოს დაცვის სპეციალისტების შეფასებით, ამ ერთობლივი მოვლენების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო. უნიკალური კურორტი შოვის განადგურება და ღვარცოფული ნაკადის ეპიცენტრამდე რამდენიმე წუთში ჩამოსვლა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მყინვარ ბუბას დაქანებამ გამოიწვია. სიჩქარე გაიზარდა და საკურორტო ზონა მიწის მასით რამდენიმე წუთში დაფარა.

გლაციოლოგების შეფასებით, ჭანჭახზე არსებული დაკვირვების პუნქტმა აჩვენა, რომ ბუბისწყლის ხეობაში წყლის დონე არ დაწეულა, შესაბამისად არც მისი ხანგრძლივი დაგუბება მომხდარა.

იყო თუ არა ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზი - გეოლოგები ამბობენ, რომ სტიქიური უბედურების საწყის წერტილში ტყე არ არის, შოვში მომხდარი კატასტროფა კი მხოლოდ ბუნებრივი პროცესების განვითარებამ გამოიწვია. სპეციალისტები იქვე განმარტავენ, რომ საკურორტო ზონაში აღმოჩენილი მორები მეწყერის დროს მოგლეჯილი ხეები და მეწყერს გამოყოლილი მასაა. 

სტიქიური უბედურების ზონაში, სპეციალისტთა ჯგუფი ამ დრომდე რჩება. გეოლოგებმა ვითარების შესწავლის მიზნით, ტერიტორია რამდენჯერმე უკვე დაათვალიერეს, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც. ინტენსიური კვლევის შედეგად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა პირველადი დასკვნაც მოამზადა, სადაც წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება, სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. სტიქიის გააქტიურების ზონიდან, შოვის კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს სპეციალისტების წინასწარი გათვლებით 8-10 წუთში უნდა მიეღწია. ამ მოვლენების შეჩერება ან წინასწარ რეაგირება, როგორც ამბობენ, შეუძლებელი იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი დასკვნა გუშინ გასაჯაროვდა. 11 გვერდიანი დოკუმენტი სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში რამდენიმე დღიანი მონიტორინგის შედეგად მოამზადეს.

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები