19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ექნება თუ არა წვდომა "ეფ-ეს-ბეს" "იანდექსის" მომხმარებლების მონაცემებზე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად Yandex Go კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ FSB მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.

„რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ. ეს არ შეიცვლება არც პირველი სექტემბრის შემდეგ.

ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველლოში, მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.

ისევე როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.

ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“ - აცხადებენ Yandex Go-ს პრესსამსახურში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს“ მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე. ეს მათ შორის ეხება საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც. საუბარია ისეთ მონაცემზე, როგორიცაა ადამიანის სახელი და გვარი, მისი საბანკო ინფორმაცია, ლოკაცია, „ლაიქები“, წვდომა სატელეფონო კონტაქტებზე და ა.შ.

დღის ამბები