19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა, ეს მდინარე არ არის შეტანილი ღვარცოფულ მდინარეთა შორის - ონის მერი

შოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - ისევ ეძებენ 12 დაკარგულს. სამძებრო არეალი გაფართოებულია, სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მაშველებთან ერთად, ადგილზე რჩებიან სამხედრო მოსამსახურეებიც.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი ამბობს, რომ საძიებო-სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი მძიმე სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალების სამაშველოს სამსახური და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ძიების სამუშაოები.

"ჩართულია ყველა უწყება, ყველა სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალების სამაშველოს სამსახური და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე. პრიორიტეტული ლოკაციები არის ისინი, სადაც შესაძლებელი იყო მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ე.წ. კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია. ხდება ამ მინერალური წყლიდან მძიმე ტექნიკის გადაადგილება და ძიების სამუშაოები უკვე კოტეჯების მიმართულებით. ასევე, ძიების სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში. ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინა ელოდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს მდინარე არ არის შეტანილი ღვარცოფულ მდინარეთა შორის. სამწუხაროდ, პირველივე დღიდან ხდება გარკვეული პირების მიერ ამ თემებზე სპეკულირება და მინდა მოვუწოდო მათ, რომ სპეკულაციების დაანებონ თავი," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი.

 

დღის ამბები