19 სექტემბერი 2024,   19:29
ვრცლად
"დღეს, მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, 10 მანქანა უკვე გადმოვიყვანეთ" - გიორგი წერეთელი

შოვში, სამძებრო  ოპერაცია გრძელდება. მეხანძრე მაშველები და სამხედროები 12 დაკარგულს ეძებენ. ნაპოვნია 21 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. გაფართოვდა ძებნის არეალი, სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს სტიქიის ზონაში, 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია საკმაო სიფრთხილით მიმდინარეობს.  

"100-ზე მეტი ტექნიკა ჰყავს მობილიზებული საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შესაბამის სამაშველო სამსახურებთან ერთად. მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს, მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც 10 მანქანა უკვე გადმოვიყვანეთ, ველოდებით თვითონ ავტომფლობელებს. როგორც კი მოვლენ, იმათაც დავეხმარებით იმაში, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადმოვიდნენ ონის მხარეს. ყველაზე რთული მონაკვეთი არის კურორტი შოვი, სადაც ძალიან ბევრი მასაა ჩამოსული და ეს ლოკაციაა, სადაც ძირითადად სამუშაოები მიდის. ძალიან ბევრი მასაა დაგროვილი და სამძებრო სამუშაოები ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს," - აცხადებს გიორგი წერეთელი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

"თავიდან იყო დიდი ხმაური, შემდეგ უკვე რომ ამოვედით შემთხვევის ადგილზე, წარმოდგენა არ გვქონდა, თუ ამხელა მასშტაბის მეწყრული პროცესი განვითარდებოდა შოვში. ადგილზე მოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში მოვიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, უშუალოდ ჩართული ვიყავი სამაშველო პროცესებში, ადგილობრივ ბიჭებთან ერთად. მაქსიმალურად ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, უშუალოდ გადიან მოსახლეობასთან საჭიროებებს და ამის მიხედვით ხდება უკვე მობილიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ სტიქიამ დააზიანა შოვის ტერიტორია, სოფელში ევაკუაციის საჭიროება არ ყოფილა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

 

დღის ამბები