19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ქართული მიწა საფრანგეთში - ლევილის ისტორიულ მამულში, ქართული კულტურა ცოცხლდება

საფრანგეთი, პარიზიდან ზუსტად 26 კილომეტრში ისტორიას შემორჩენილი ქართული ნაკვალევია. ლევილის მამულში როგორც კი შეაბიჯებ, მაშინვე გახდები იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საფრანგეთში, ქართულ მიწაზე დატოვეს, დღეს კი მათი ოცნებაც ასრულდა - მე-20 საუკუნის ოციანი წლების შემდეგ, ლევილის მამული პირველად ქართულ ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალის მთლიანი პროგრამა საფრანგეთში ჩასვლისთანავე შეიცვალა. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, კონცერტი გაუქმდა. საკონცერტო განწყობა, სამგლოვიარო რეპერტუარმა ჩაანაცვლა. ლევილის ისტორიული მამულიდან ქართული საგალობლების ხმა ისმოდა. ანსამბლმა „ბასიანმა“ და ქუთაისის კამერულმა გუნდმა, სამგლოვიარო მუსიკით, პატივი დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს.

რაჭის ტრაგედიას და დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა სპექტაკლი "ხალდე". დმანისის სახელმწიფო თეატრმა, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ სვანების თავგანწირვის ისტორიული ამბავი, ისტორიულ მამულში წარმოადგინა. სტუმრები ემოციას ვერ მალავდნენ.

 ფესტივალის მეორე დღე კვლავ რეკვიემით გაგრძელდა . დმანისის თეატრმა სპექტაკლი ” ჩემო კალამო”, სადაც ილია ჭავჭავაძის თხზულებების ფრაგმენტები და პოეტის დახვრეტის ამბავია მოყოლილი, კვლავ შოვში დაღუპულებს მიუძღვნა.

საფრანგეთში, ქართულ მიწას ქართველი ემიგრანტები სტუმრობდნენ. მათთვის ფესტივალის დღეები ყველაზე ემოციური თავგადასავალი აღმოჩნდა.

ლევილის მამულში, ფრანგმა სტუმრებმა პირველად მოისმინეს ფრაგმენტები საქართველოს ისტორიიდან და გაეცნენ ქართულ კულტურას.

ლევილის მამულში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო დროშები ფრიალებს.

საბჭოთა ოკუპაციის გამო ემიგრირებული ქართველები სამშობლოდან შორის, ლევილის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. მათი ოცნება სამშობლოში დაბრუნება იყო. აქვე არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მემორიალი.

 ლევილი. თანამედროვე საქართველოს ხიდი წარსულთან. საფრანგეთში ქართული მიწა საქართველოს 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაუბრუნდა. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წელში დასრულდება.

ამ ადგილას ისტორიული დღეები კიდევ ორ კვირას გაგრძელდება. სამშობლოდან შორს, ქართველი ემიგრანტები მომავალშიც შეეხებიან მშობლიურ კულტურას . იმ ქვეყნის კულტურას, რომელმაც წელს დამოუკიდებლობის 105-ე წელი იზეიმა.

დღის ამბები