19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
მონიტორინგი იქნება იქამდე, ვიდრე ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს და ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი - თემურ მღებრიშვილიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი და ის 54 კილომეტრს შეადგენს. როგორც თემურ მღებრიშვილი ამბობს, მონიტორინგი გაგრძელება იქამდე, ვიდრე საძიებო-სამაშველო პროცესები არ დასრულდება.

"მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ დღეს რაც ხდება, მონიტორინგი მდინარეზე, ეს პირველივე დღიდან ხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დროისთვის, 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგს, თუმცა, დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში," - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სტიქიის ზონაში ნაპოვნ კიდევ ერთ ცხედართან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრშია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის ქვედა კიდური, რომელსაც სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრში მიაკვლიეს.

"ეს არის 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან და ქვედა კიდური ნანახია 24 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, იცით, რომ მდინარე მეტ ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, გამოჩნდა რიონის კალაპოტში პატარა კუნძულები, სადაც არის მოგროვილი დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორები და ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი. მონიტორინგი იქნება იქამდე, ვიდრე ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს და ეს იქნება 54 კილომეტრიანი პერიმეტრი.“ - ამბობს თემურ მღებრიშვილი.

როგორც თემურ მღებრიშვილი ამბობს, სტიქიის ზონაში ნაპოვნია შინაური ცხოველის ლეშები.

"აღმოჩენილია შინაური ცხოველის ლეშები და მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან და შესაბამისად, უტილიზაცია იქნება ეს თუ დამარხვა, ეს ცალკე პროცედურებია,“ - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

დღის ამბები