19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი - ვახტანგ გოემელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო შოვში მიმდინარე სამაშველო პროცესებს.

მინისტრმა მიუსამძიმრა დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი, 9 ადამიანს ვეძებთ. ჩართულია პირველივე საათებიდან სამაშველო სამსახური , პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო მალევე ჩაერთო, პრემიერის დავალებით, ინფრასტრუქტურა, 60-მდე ტექნიკა მუშაობს და მიდის სამაშველო სამუშაოები. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლება ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, ასევე, ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის თითქმის 60% უკვე შემოწმებულია, დასულია პირველადი დონეზე, რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ ეს მთლიანი მასა გადამუშავდეს და მერე გადაერთვება ლოკალურ სამუშაოებზე. 50 კილომეტრამდე, თითქმის ამბროლაურამდე მდინარის მონაკვეთს ამუშავებენ. კონტროლდება და ალბათ მერე უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება ქვევითაც წამოიღო ვინმე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა პირველ დღეს სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართულობასთან დაკავშირებით.

გომელაურის განცხადებით, ვერტმფრენს ღამით აფრენა შეეძლო, თუმცა, ამ შემთხვევაში, მფრინავები რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ და მათი დაღუპვის საშიშროებაც არსებობდა.

"ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი, არც მანქანა, დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება. ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს. კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ფერდობზე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები. შეძენილი გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იმ წამს რაღაც გარისკონ პილოტებმა, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ, რომ დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები?! გავრისკოთ და ვერტმფრენი დავღუპოთ, ან პილოტები დავღუპოთ?!", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები