19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ქართველი მსმენელის პროტესტი The Killers-ის კონცერტზე - ცნობილი ბენდი საქართველოს ბოდიშს უხდის

ქართველი მსმენელის პროტესტი The Killer-ს - როკ ბენდის კონცერტზე შეძახილები მას შემდეგ გაისმა, რაც ბენდის სოლისტმა დარბაზიდან დრამერს მოუხმო. დრამერი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ხელში ტრაფარეტი ეჭირა წარწერით - "თუ ბედისწერა კეთილია, მე თქვენი დრამერი ვიქნები".

მსმენელის პროტესტის მიუხედავად, "კილერსის" სოლისტმა დრამერი სცენაზე მაინც აიყვანა და დარბაზსაც მიმართა: "ის არაა თქვენი ძმა? არა ხომ? ჩვენ ყველანი დაყოფილები ვართ ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით, რასაც ჩვენს ბენდში ძალიან ვაფასებთ არის ის, რომ ხალხს ვაერთიანებთ. და დღეს, მე მინდა რომ ერთად ვიზეიმოთ, მე თქვენ გხედავთ, როგორც ჩემს დებს და ძმებს" - ამ მიმართვის შემდეგ, მსმენელის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კონცერტი გაგრძელდა, როკ-ბენდმა რუს დრამერთან ერთად ერთი ნომერი შეასრულა. საღამოს დასრულების შემდეგ კი, ჯგუფმა "კილერსმა" მსმენელს და მთელ საქართველოს სოციალურ ქსელში ბოდიში მოუხადა.

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით".

რუსეთი ოკუპანტია - ასე გამოეხმაურა ინციდენტს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა "ბლექ სი არენას" ადმინისტრაციამ.

"კილერსის" კონცერტი და ქართველი მსმენელის პროტესტი დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უცხოურ მედიაშიც. BBC, "გარდიანი", "როიტერსი" , "ინსაიდერი" წერენ, რომ ქართველი მსმენელის პროტესტი მოყვა "კილერსის" ფრაზას, როცა მან აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი ძმაა. პუბლიკაციებში აღნიშნულია ისიც, რომ მუსიკალურმა ჯგუფმა მსმენელებს ბოდიში მოუხადა

დარბაზიდან დრამერის შერჩევა და მასთან ერთად მუსიკალური ნომრის შესრულება, როკ ბენდ "კილერსის" 20 წლიანი ტრადიციაა. მსოფლიოში ცნობილი ბენდი, საქართველოში გუშინ პირველად ჩამოვიდა.

დღის ამბები