19 სექტემბერი 2024,   19:22
ვრცლად
საფრთხის მესამე დონე - კანადა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვის

მასშტაბური ხანძრის გამო, ათასობით კანადელს გრძელ რიგში დგომა საათობით უწევს. ადგილობრივები ვერტმფრენების მოლოდინში არიან, რომ დღის ბოლომდე ქალაქი იელოუნაიფი დატოვონ. სტიქიის გამო საფრთხის მესამე დონეა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახლება მოსახლეობისგან სრულად უნდა დაიცალოს.

ქალაქ იელოუნაიფიდან ევაკუაციაზე მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებს. ნაწილი კი, მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებს სტიქიის ზონის დატოვებას, რომ აეროპორტში საკმარისი რაოდენობის რეისი არ ხორციელდება.

ამ დროისთვის, კანადაში ცეცხლის 1100-ზე მეტი აქტიური კერაა. სტიქიის ზონა კვლავ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაა, სადაც ხანძრის გავრცელების მასშტაბი სამჯერ გაიზარდა. დაიწვა ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია. მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ხანძარი ჩააქრეს ჰავაიზე თუმცა, ამ დრომდე ეძებენ სტიქიის შედეგად დაკარგულებს. ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ ხანძარს 111 ადამიანი ემსხვერპლა. სანამ პროკურატურა იძიებს თუ რატომ არ ჩაირთო ხანძრის დროს ჰავაიში განგაშის სიგნალი, მანამდე კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჰავაის შემდეგ, ხანძარს კანარის კუნძულებიც ებრძვის. კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის ფართობი თითქმის გაორმაგდა. ხანძრის ლოკალიზებას 200-მდე მეხანძრე და ავიაციის 17 ერთეული ცდილობს. ამ დროისთვის, 4500 ადამიანია ევაკუირებული. ადგილობრივი მთავრობის შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი ხანძარია კანარის კუნძულებზე, ბოლო 40 წლის განმავლობაში.

გარემოს დამცველები, ბოლო პერიოდში ტყის ხანძრების გახშირებას, კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

დღის ამბები