19 სექტემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ძლიერი წვიმა და ღვარცოფი სტეფანწმინდაში - რისკების თავიდან არიდების მიზნით ყაზბეგში დღეს გეოლოგებიც ჩავიდნენ

ძლიერი წვიმის კვალი ყაზბეგში ე.წ. თარგმანის უბანს ამ დრომდე ეტყობა.

ღვარცოფმა, რომელიც ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, მხოლოდ რამდენიმე სახლი დააზიანა, წყალი ადგილობრივებს პირველ სართულებზე შეუვიდათ, განადგურდა მოსავალი, დაიხოცა პირუტყვი. ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი სტიქია სოფელში არ ახსოვთ.

როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ძლიერი წვიმა ე.წ. თარგმანის უბანში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამაშველო ჯგუფები, მუშაობდა ტექნიკაც. მიმდინარე სამუშაოებს კი, პირადად ესწრებოდნენ ყაზბეგის მერი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული. მათი ინფორმაციით, უხვმა ნალექმა პრობლემები სოფელ გერგეტშიც შექმნა, სადაც გზა გვიან ღამითვე გაიწმინდა.

მოსალოდნელი რისკების თავიდან არიდების მიზნით, ყაზბეგში, სტიქიის ეპიცენტრში, დილით გეოლოგებიც ჩავიდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გეოდინამიკური პირობები შეისწავლეს და დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით გარკვეული რეკომენდაციებიც გასცეს. უწყებამ, მოგვიანებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ყაზბეგისთვის და ადგილობრივებისთვის, ღვარცოფი საფრთხის შემცველი არ ყოფილა.

სტიქიიდან მეორე დღეს, სტეფანწმინდაში ყაზბეგის მერი, დღეს, კიდევ ერთხელ ავიდა, შეხვდა ადგილობრივებს და მათი პრობლემებიც მოისმინა. მერის ინფორმაციით, მას მერე რაც გეოლოგები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ, უწყება დოკუმენტზე დაყრდნობით, შესაბამის ზომებს გაატარებს.

მოვარდნილი ღვარცოფის შემდეგ, ყაზბეგში დღესაც წვიმდა. ე.წ. თერგამნის უბანში, უხვმა ნალექმა ამჯერად ძლიერი სეტყვა გამოიწვია, თუმცა, დღეს, ამინდს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

დღის ამბები