19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ლევილის პირველი ქართული ფესტივალი დასრულდა

20 აგვისტოს ლევილში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი "იალონი" და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით "ყველაფერი ნამდვილად იყო". ფესტივალი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "ერისიონის", კონცერტით დაიხურა, მანამდე კი "ერისიონის" მომღერლებმა საგალობლები და რევაზ ლაღიძის "ჩემო კარგო ქვეყანავ" შეასრულეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ემიგრაციის სხვა წევრები.

ფესტივალის დახურვას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი ემიგრანტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ლევილის ქართული ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ღონისძიებებს ყველა მსურველი უფასოდ ესწრებოდა.

ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა, თუმცა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა და 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

საფესტივალო პროგრამაში ჯამში 300-მდე ხელოვანი მონაწილეობდა.

 

დღის ამბები