19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანერგილი სიახლეები გერმანიის დელეგაციის წევრებს ქართველმა კოლეგებმა გააცნეს

საქართველო და გერმანია ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ამჯერად პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. იუსტიციის უწყების გერმანული დელეგაცია დღეს პირადად გაეცნო იმ სიახლეებს, რომელიც ქართველმა კოლეგებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანარგეს.

იუსტიციის სახლი ციხეში, ციფრული უნივერსიტეტი, მაღაზია, რომელშიც პატიმრების მიერ შექმნილი პროდუქცია იყიდება. გერმანელი სტუმრები ნანახით კმაყოფილები არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ ქართულ მხარესთან პატიმართა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურად ითანამშრომლონ.

მსჯავრდებულებს ციხეშივე აქვთ დასაქმების ადგილი. მათი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დასაქმების გარდა უკვე რამდენიმე წელია პატიმრებს განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების სრულყოფილი შესაძლებლობა აქვთ. სწორედ ესაა გერმანიის იუსტიციის მინისტრის ინტერესის მთავარი საგანი. დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბენიამინ ლიმბახმა მე-5 და მე-16 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

დელეგაციის წევრებმა მსჯავრდებულთა ის ნამუშევრებიც დაათვალიერეს, რომლებიც თავს "რე-მარკეტში" იყრის. შეიძინეს სასურველი ნივთებიც. ეს პირველი მაღაზიაა, რომელიც გასულ წელს მსჯავრდებულთა დასაქმების პროცესის ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის მხარდაჭერით გაიხსნა.

გერმანიის დელეგაციიის წევრები ვიზიტის ფარგლებში ციფრული უნივერსიტეტის პროექტსაც გაეცნენ, რომელიც მსჯავრდებულებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობაა. გერმანული მხარე იმ პროგრესზე საუბრობს, რომელიც პენიტენციურ სისტემას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს.

ბენიამინ ლიმბახი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელსაც შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და დანერგილ პროეწტებზე ისაუბრეს.

გერმანიის დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

დღის ამბები