19 სექტემბერი 2024,   19:36
ვრცლად
უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოსგან აქვს მევენახეებს და მეღვინეებს - ოთარ შამუგია

კახეთში რთველი იწყება. უკვე გაიხსნა საკოორდინაციო შტაბი. საორგანიზაციო საკითხების ადგილზე გასაცნობად, სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონში ჩავიდა. ერთი თვის წინ პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში კი მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო მევენახეებისა და მეღვინეების უპრეცედენტო მხარდაჭერას აგრძელებს.

"უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფოსგან აქვს მევენახეებს და მეღვინეებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს დავასუბსიდირებთ რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს, ყველა ის საწარმო, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს ამ ჯიშის ყურძენს და გადაიხდის არა ნაკლებ 90 თეთრს მიიღებს სუბსიდიის სახით 20 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებით როგორც სუბსიდირების თვალსაზრისით, ასევე დაზღვევის მიმართულებით. წელს გავზარდეთ თანადაფინანსება ვენახების დაზღვევაზე. მხარდაჭერა არის აგროპროექტის მიმართულებით, მხარდაჭერა არის მარკეტინგის კუთხით, ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 15 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია განვახორციელოთ პრიორიტეტულ ბაზრებზე", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თელავის ღვინის მარნის წარმომადგენლის ზურაბ რამაზაშვილის განცხადებით, დღესდღეობით 600 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

"ვიღებთ მხოლოდ თეთრი ჯიშის ყურძენს და ეს ადრეული მოსავლის ყურძენია, რომელიც განკუთვნილია ცქრიალა ღვინოებისთვის. დღესდღეობით უკვე გადავამუშავეთ დაახლოებით 600 ტონა ყურძენი. ჩვენი ჯამური მოცულობა იქნება წელს დაახლოებით 4000-დან 5000 ტონამდე", - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

დღის ამბები