19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"უნდოდათ, გამეცა თუ ვინ არის სამხედრო წარმომადგენელი...მზად ვარ სიკვდილისთვის-მეთქი" - რახ იხსენებს საოკუპაციო ძალების უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო

თითქმის ორ წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია. კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საქართველოს მოქალაქეების, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საკითხზე ინფორმირებულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძე იხსენებს, რომ მას არ დაუმალია მისი სამხედრო წარსულის შესახებს.

მისი თქმით, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს სურდათ გაეთქვა თუ ვინ და ვინ იყვნენ სამხედრო წარმომადგენელი.

"დამკითხეს, არაფერი დამიმალია, ვარ სამხედრო წარმომადგენელი. ყველაფერი მკითხეს - სად იყავი? როგორ იყავი? ვუთხარი, მონაწილეობა მაქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში-მეთქი და იქ ჩემი მხრიდან გადამეტებული არაფერი ყოფილა, ამის იქით თუ არაფერს დამიჯერებთ მზად ვარ სიკვდილისთვის-მეთქი. უნდოდათ, რომ გამეცა თუ ვინ არის სამხედრო წარმომადგენელი და ვინ არის ყოფილი ჯარისკაცი", - განაცხადა მამუკა ჩხიკვაძემ.

მამუკა ჩხიკვაძის ბიძა შმაგი ჭანკვეტაძე, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

მისი თქმით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.

"ამ დროს ყოველთვის არის შიში და ყოველთვის არის ნეგატიურის მოლოდინი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ იმას, რაშიც გვარწმუნებდნენ და გვეუბნებოდნენ დადასტურდა. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, იყო ფსიქოლოგიური წნეხი, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ გამორიცხავს", - განაცხადა შმაგი ჭანკვეტაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორივე პირი უკანონოდ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს, განსაკუთრებით მამუკა ჩხიკვაძის შემთხვევა იყო საყურადღებო, რადგან ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, "შავნაბადას" ბატალიონის წევრი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიებში, აქედან გამომდინარე, მასთან მიმართებაში არსებობდა საფრთხის მოლოდინი.

დღის ამბები