19 სექტემბერი 2024,   19:21
ვრცლად
შოვის ტრაგედიიდან 27 დღე გავიდა - მაშველები და ჯარისკაცები კიდევ 2 დაკარგულს ეძებენ

შოვის ტრაგედიიდან 27-ე დღეს სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა. თემურ ხარჩილავა გამანადგურებელი სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში პირველივე დღიდან იყო ჩართული. 

სტიქიის ეპიცენტრში, 50 წლის ჯარისკაცის გადარჩენას ექიმებთან ერთად მისი კოლეგებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, გულის შეტევა გახდა. 

შემთხვევა დილის 10:55 საათზე მოხდა, მაშინ, როდესაც ჯარისკაცი სამძებრო სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. 112-ში დარეკვიდან 10 წუთში ადგილზე სასწრაფო სამედიცინოდ დახმარების ჯგუფი მივიდა. მომხდართან დაკავშირებით, დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა.

50 წლის სამხედრო მოსამსახურის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თემურ ხარჩილავა ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო. ონის მუნიციპალიტეტში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული. 

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ ჯარისკაცს ზუგდიდში გადაასვენებენ. ახლობლები "კურიერთან" ყვებიან, რომ თემურ ხარჩილავა, დღეს დღის ბოლოს სახლში დაბრუნებას გეგმავდა. 

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით პოლიციელიც გარდაიცვალა. გამომძიებელი მირიან ჭელიძე 7 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში დაიღუპა.

დაღუპულებს მიაგეს დღეს პატივი თბილისში ქაშუეთის ეკლესიაში. დღეს გვანცა ბუბაშვილი დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე ახლობლებს მოქალაქეებმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. ახალგაზრდა ქალი რაჭაში ორ მეგობართან ერთად ისვენებდა. ტრაგედიას სამივე მათგანი ემსხვერპლა.

დაკარგულ 2 ადამიანს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო არეალი ყოველდღე იზრდება. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მდინარეების კალაპოტებში უწყვეტად მუშაობს.

ბოლო მონაცემებით, სულ 31 ცხედარია ნაპოვნი, 29 იდენტიფიცირებულია. ორს დნმ კვლელვა უტარდება.

 

 

დღის ამბები