19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას - კახა კალაძე

ძალიან დიდი ნალექი იყო მცირე დროის განმავლობაში. ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო თბილისში მე არ მახსოვს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას წვიმის შედეგად თბილისის ქუჩებში შექმნილ ვუითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

"ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის პანდუსთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი. სანიაღვრე სისტემა მუშაობს, მაგრამ იმდენი ნალექია, ვერ აუდის და გარკვეული პრობლემა არის გადაადგილების თვალსაზრისით," - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას.

"იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. პრობლემები იყო რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე. ხეები იყო წაქცეული, აღნიშნული მონაკვეთები გაწმენდილია. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფს," - განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს.

დღის ამბები