19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"ქსელი გაწმენდილი იყო, ნარჩენები, ფოთლები, პოლიეთილენის პარკები იყო გადაფარებული სანიაღვრე მიმღებებს და იწვევდა დაგუბებას" - "თბილსერვის" ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში არსებულ ვითარებაზე

დედაქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეულ შედეგებს თბილისის მერი ადგილზე ეცნობა. 

დედაქალაქის მერმა შექმნილ მდგომარეობაზე თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით ფაჩულიასთან და მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ისაურა.

დავით ფაჩულიას თქმით, მთელი ღამით გაგრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

"ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ ნარჩენები, ფოთლები, პოლიეთილენის პარკები იყო გადაბლანდული და გადაფარებული სანიაღვრე მიმღებებს და შესაბამისად იწვევდა დაგუბებას, ხელით ავწმინდეთ და სანიაღვრემ გაწმინდა, უბრალოდ დრო სჭირდება გაიტანოს. ნარჩენი და ნალექია ძალიან ბევრი, რომელიც ზემიდან ბიდნავს.

გლდანი-ნაძალდევში იყო პრობლემები ძირითადად და რჩება მეტ-ნაკლედ, იგივე პრობლემა იყო, გაბიდნულია ცხაურები, სისტემამდე ვერ აღწევს წყალი და იბიდნება, დავდივართ და ვწმენდთ," - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

ირაკლი ბენდელიანის თქმით კი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შსს-სთან ერთად, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

"ახალ გზაზე ბადეებს ვაკეთებთ ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ, უშუალოდ გზის შემზღუდავი ჯებირები იყო წაქცეული, რომელიც მაშინვე გასწორდა, ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შსს-თან მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა, პრევენციული მიზნით. თამარაშვილზე ერთ ლოკაციაზე ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, კონტრაქტორს გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ტექნიკა," - ამბობს ბენდელიანი.

დღის ამბები