19 სექტემბერი 2024,   20:04
ვრცლად
თუ სხდომაზე წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი, სასამართლო უფლებამოსილია, განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება - მერაბ ტურავა

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე, სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას - დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი.

პროცესს წარდგინების 5 ავტორი თავად დაესწრება, მათ შორისაა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

პრეზიდენტის ინტერესებს კი მისი წარმომადგენლები, თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. „ჩემი სრული ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს ორ წარმომადგენელს – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს სასამართლო სხდომაზე თავისი წარმომადგენლები გაგზავნოს, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი პროცესს პირადად დაესწრებოდა.

"მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. როგორც მოვისმინეთ ტელევიზიებით, ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით, პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, ვიზიტები მაქვს მხედველობაში. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე, ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამდე ფაქტობრივ გარემოებებსაც, კერძოდ: პრეზიდენტის ვიზიტებს, საქმიანობას, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას და საკითხები, იმ ვიზიტების შინაარსი, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში, სწორედ ის გარემოებებია, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ დავინახეთ, რომ დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი და თქვეს - არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ. სასამართლო უფლებამოსილია, განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი გამოცხადება", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერნაძის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესი გასაგებია, მაგრამ არცერთ სახელმწიფოში მოსამართლეს არ ეკითხებიან განხილვის ეტაპზე მყოფ საქმესთან დაკავშირებით არაფერს.

"სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა სასამართლოსთვის უკეთესია, უფრო კარგად რომ გამოიკვლიოს. მე მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე თქვენი [მედიის] ლეგიტიმური ინტერესი. თუმცა არცერთ სახელმწიფოში მოსამართლეს არ ეკითხებიან განხილვის ეტაპზე მყოფ საქმესთან დაკავშირებით არაფერს. პროცედურები გაინტერესებთ? - კანონში წერია და წაიკითხეთ", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დღის ამბები